ზღაპარი ყვავილზე
ზღვის ცისფერი ნიავი ოქროსფერ მზის სხივებში გახვეულ ბალახს ნაზად არხევდა, ცდილობდა თავის ნებაზე მოეხარა, მაგრამ ბალახი არ ნებდებოდა. თბილად მოთამაშე სხივებში განაბული აყოლოდა ქარის რიტმს და სხვა ბალახებს ცეკვაში ეჯიბრებოდა. უდარდელად გასცქეროდა ველს და მდელოს, აკვირდებოდა ტყეს და მდინარეს. დღეს უცნობი გამოჩნა მინდორში. ნელ-ნელა თავდახრილი მოდიოდა და არაფერს არ უყურებდა. ტანზე ძვირფასი , მაგრამ დახეული ტანსაცმელიეცვა. დაიარებოდა და არაფერს არ ამჩნევდა. ისე გამოიყურებოდა თითქოს აჩრდილი იყო. ბალახმა შეხედა და უნებურად ცეკვა შეწყვიტა. ერთ ხანს უყურა და შემდეგ გადაწყვიტა დაეძახა:
- ბიჭუნა, ბიჭუნა მომიახლოვდი და მომიყევი. რატომ დადიხარ მოჩვენებასავით? რად დაგხევია ასეთი ლამაზი ტანსაცმელი? ვინ გაგიფუჭა ასე ხასიათი?
ბიჭი ყურადღებას არ აქცევდა, მიდიოდა და თავპირი ჩამოსტიროდა. ბალახმა ხმას აუწია და არ გაჩერებულა იმ დრომდე სანამ ბიჭმა თავი არ ასწია, მიუახლოვდა და გვერდით ჩამოუჯდა. ბალახმა კითხვები გაუმეორა და ბიჭმა თავისი ამბის მოყოლა დაიწყო:
- მე ამ სახელმწიფოს უფლისწული ვიყავი. დედ-მამას ძალიან ვუყვარდი.ისე მივლიდნენ ცივ ნიავს არ მაკარებდნენ. ქვეყანაში საუკეთესო მასწავლებელი მომიჩინეს, ცდილობდნენ რომ მესწავლა და სახელმწიფოს ნამდვილი მემკვიდრე გამოვსულიყავი. მე სწავლა და მასწავლებლები არ მიყვარდა, მგეობრებთან გართობას და ძილს ვარჩევდი, მაგრამ ბედი სხვა რამეს მიმზადებდა. ერთ დღეს ჩვენს სახელმწიფოში საშინელი დაავადება გაჩნდა. ბევრი ავად გახდა და მათ შორის ჩემი მშობლებიც. ისინი ავადმყოფობამ შეიწირა. მე მომიწია სახელმწიფოს მართვა. პირველივე დღეს დავითხოვე ჩემთვის საძულველი მასწავლებლები. პირველი ვეზირი მეხმარებოდა ქვეყნის მართვაში, არ მღლიდა და მეგობრებთან თამაშსაც არ მიშლიდა. ერთ ღამეს ჩემმა ერთგულმა მსახურმა გამაღვიძა და მომახსენა ვეზირი მოკვლას გიპირებსო.მხოლოდ ტანზე ჩაცმა მოვასწარი და გამოვიქეცი . მას შემდეგ გავრბივარ, არ გავჩერებულვარ უკვე ექვსი დღეა. გავრბივარ და ვტირი.
უსმინა ბალახმა უსმინა და შეეცოდა ბიჭი, მაგრამ ბალახს რა შეეძლო. ბალახი ყველაზე დაბალი იზრდებოდა, მაგრამ ბევრ რამეს ხედავდა და ყველაფერს იმახსოვრებდა. ბიჭის ისტორიაც დაიმახსოვრა, მაგრამ ზამთრის მოსვლისთანავე დაავიწყდა და მეტჯერ აღარ გახსენებია.